შოვში, სტიქიის დროს აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას - გომელაური

22 სექტემბერი 2023, 17:23 408 ნახვა

შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად.

"შემდეგი კითხვა შეეხებოდა - სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას, ამაზე არაერთი განმარტება გაკეთდა და კიდევ ერთხელ განვმარტავ,რომ შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების ჩართვა მოითხოვს შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა, ღამით ფრენა შოვის რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით. ვერტმფრენი „მი-8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები და უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით.

ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე 5 შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

ამავე დღეს, დაახლოებით 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით. ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა.

 

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას. პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება.

 

ასევე მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილ ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე უსაფრთხო გარემოში განათავსეს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლიდან მეხანძრე-მაშველებს გაეზარდათ ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით, 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, გომელაურის განცხადებით, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში