პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი და საერთო პატრონი ჰყავთ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც სახელმწიფოს დიპლომატიური უხერხულობები შეუქმნა და არ გამორიცხავს, ეს პრეზიდენტის მხრიდან შეგნებული ნაბიჯი ყოფილიყო.
„სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი დასკვნები, ინფორმაცია, რატომაც გავიდა ჩარჩოებიდან. რეალურად, საერთო დღის წესრიგი აქვთ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს ხშირად გვითქვამს და ესაა ძირითადი მიზეზი, რატომაც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. იცით, რომ ზოგადად რისკები არის დაკავშირებული ამ ქალბატონთან, ეს ახალი ამბავი არ არის.
პირველად ეს რისკები გამჟღავნდა, თუ არ ვცდები, 2019 წელს, როდესაც მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც სახელმწიფოს შეუქმნა უხერხულობები, დიპლომატიური უხერხულობები, ჯერ აზერბაიჯანთან, შემდეგ თურქეთთან. დღევანდელი გადმოსახედიდან არ გამოვრიცხავთ, რომ მაშინაც მან ეს ყველაფერი გააკეთა შეგნებულად. სხვანაირად ძალიან რთულია იმ ორი კონკრეტული განცხადების ახსნა, რომელმაც დიპლომატიური უხერხულობები შექმნა. დღეს ის პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქაც ჩვენი ეჭვები არსებობს. არა მარტო ეჭვები, არამედ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება აკეთებდეს ამ ყველაფერს და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზუსტად იგივე დღის წესრიგით, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, ველოდებით საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას, ამის შემდეგ შევა საკითხი განსახილველად პარლამენტში. ჩვენ არავითარი, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესი არ გვაქვს ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ხმების მობილიზება. ჩვენ არასდროს გვქონდა გათვლა 100 ხმაზე, ეს თავიდანვე ითქვა, როგორც კი იმპიჩმენტი გამოცხადდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შესაბამისად, მას აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, რადგან ორივე ერთად არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ორივეს ერთად აქვს რადიკალურო დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს არავითარი მოლოდინი, რომ 100 ხმა იქნება მობილიზებული, თუმცა თავისთავად, იმპიჩმენტის პროცედურა იყო ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ამით მოხდება ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც აროს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.
თქვენ წარმოიდგინეთ, 2018 წელს ეს რადიკალები სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ, როგორც მოღალატეს, რეზიდენტს და აგენტს, ხომ? ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება. თუ ერთხელ ხარ აგენტი და ჯაშუში, აგრძელებ ამ საქმიანობას. წარმოიდგინეთ, იგივე ადამიანები, ვინც უწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე მოღალატეს, ჯაშუშს, აგენტს და ა.შ. დღეს აცხადებენ, რომ ეს ჯაშუში უნდა დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. რა გამოდის, ან მაშინ, 2018 წელს ატყუებდნენ საზოგადოებას, 3 მლნ ამომრჩეველი მოატყუეს, თუ სცადეს მათი მოტყუება, ან დღეს მოსწონთ ჯაშუშთან ერთად მუშაობა. სხვა ლოგიკა აქ უბრალოდ არ არის. ეს არის ძალიან მარტივი ლუსტრაცია და ამ კუთხითაც ძალიან კარგია იმპიჩმენტის პროცედურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.