ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა

18 სექტემბერი 2023, 19:34 615 ნახვა

ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“. ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, მათ შორის გაითვალისწინოს აშშ-ოს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი