საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ეს დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად.
„გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღევანდელ დღეს, 1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.
საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.
ეს დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა.