სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება, ფაქტობრივად, დასრულებულია, დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება - თემურ მღებრიშვილი

17 აგვისტო 2023, 18:45 553 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25-ე კილომეტრზე მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

„დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. დაახლოებით ნახევარი საათის უკან საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც ჩვენი მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და გადასვენებულია პროზექტურაში. ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მიდის მაქსიმალური მუშაობა მძიმე ტექნიკით. როგორც მოგახსენეთ, გუშინ ნიადაგმა მოგვცა გარკვეული საშუალება, გარკვეულ ლოკაციებზე, თუმცა დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება  და ვფიქრობთ, სიღრმე, სადაც შეიძლება, რომ ვეძებოთ, არის მეტრა-ნახევარი, ორი მეტრი. საუბარია კალაპოტის, ასე ვთქვათ, მშრალ მონაკვეთებზე. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, 18 სექტორს მოიცავს ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს სტიქიის ეპიცენტრიდან კილომეტრ-ნახევრიან პერიმეტრზე. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 27 მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, ექვს ადამიანს კი ეძებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი