იმ ადამიანთა ოჯახის წევრებმა, რომლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, გამოთქვეს სტიქიის ეპიცენტრის ნახვის სურვილი - მღებრიშვილი

04 აგვისტო 2023, 17:40 668 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შეხვდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მღებრიშვილის განცხადებით, მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და აღნიშნა, რომ სურვილს დაუკმაყოფილებენ.

"მოვახსენეთ მიმდინარე პროცესების შესახებ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში. მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი. ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თავად ნახონ, რა მძიმე სიტუაციაა. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის წინ, ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრისკენ გაფრინდა და მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

"იცით, რომ დილის საათებში ორი ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ჩვენი მეხანძრე-მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნაპოვნი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას პროზექტურის მიმართულებით“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი