საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სახელით სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით, აჭარის მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს უკავშირდებოდნენ მოქალაქეები და აცხადებდნენ, რომ მოქალაქე გ. ს.-მ, რომელიც ამტკიცებდა რომ მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, მათ თაღლითურად გამოსძალა გარკვეული ოდენობის თანხა და მიიმალა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოქალაქე გ. ს. არ არის და არც წარსულში ყოფილა რაიმე სახის შრომით ურთიერთობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან. შესაბამისად, გაუგებარია რატომ გადაწყვიტა მან მესამე პირებთან ურთიერთობაში აჭარის ტელევიზიის სახელის გამოყენება.
მივმართავთ ძალოვან უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაატარონ მოკვლევა და გ. ს. - ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინონ სათანადო რეაგირება. ამავდროულად, მოგიწოდებთ ყველას, არ შეხვიდეთ რაიმე სახის საქმიან ურთიერთობაში აჭარის ტელევიზიის ან რადიოს სახელის გამოყენებით მოსაუბრე პირებთან მანამ, სანამ თქვენთვის დადასტურებულად არ იქნება ცნობილი, რომ ისინი ნამდვილად არიან ჩვენი თანამშრომლები და აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მაუწყებელი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თქვენთვის მოყენებულ შესაძლო ზიანზე", - აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებაში.