17 ივლისს, სტამბოლში ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა არ განეახლებინა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“, რომელიც უკრაინას მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალებას აძლევდა, როგორც ხაზგასმით აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ეს ინიციატივა იყო „იმედის შუქურა მსოფლიოში, რომელსაც ეს უკიდურესად სჭირდება“, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოში სურსათის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია და სანამ რუსეთი მის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა, მსოფლიოში ქერის მეხუთედი, სიმინდის მეექვსედი და ხორბლის მერვედი უკრაინიდან მოდიოდა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, შავი ზღვის მარშრუტის გარეშე მსოფლიო სასურსათო პროგრამას მოუწევს საჭირო მარცვლეულის შეძენა სხვაგან უფრო მაღალი ფასებით და მიწოდების უფრო გრძელი ვადით, მაშინ როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სასურსათო კრიზისის წინაშეა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინიციატივიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთმა ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ასევე უკრაინის მარცვლეულის შესანახი ობიექტების და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო, არა მხოლოდ თავად შავ ზღვაში, არამედ მდინარე დუნაიზეც.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს.