რუსული ძალები კიევს Shahed-ის დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
მიმდინარე თვის განმავლობაში, ეს კიევზე მიტანილი, მეექვსე იერიშია. ამასთან, საოკუპაციო ძალებმა სოფელი კონსტანოვკა დაბომბეს, არის მსხვერპლი. მათ შორის ერთი ბავშვია. საჰაერო განგაში ისმოდა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ოლქში, ასევე ოდესაში.
დაიბომბა სუმის ოლქის 17 დასახლება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ლიეტუვას თავდაცვის საბჭომ, უკრაინის სამხედრო დახმარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც 220 მილიონ ამერიკულ დოლარს მოიცავს. ესპანეთმა კი უკრაინას Leopard 2A4 ტანკები და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა.