სასამართლომ "ხელვაჩაურის წყლის" ყოფილ უფროსს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

06 ივლისი 2023, 16:43 1356 ნახვა

სასამართლომ "ხელვაჩაურის წყლის" ყოფილ უფროსს, დავით მიქელაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდებული მოსამართლემ 13 ეპიზოდში გაამტყუნა, თუმცა ორ ეპიზოდში გაამართლა, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობს.

გამოძიება დავით მიქელაძეს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის, ნახევარი მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.

მიქელაძე კორუფციულ სქემაზე ღიად საუბრობდა და დანაშაულში ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე დაასახელა. თქვა, რომ ჯამში 288 ათასი ლარი გადასცა ხელზე ჯუმბერ ვარდმანიძეს.

დღეს პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაკავებულის ოჯახს ასი ათასი ლარის გადახდას დაჰპირდა, შემდეგ კი უარი უთხრა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელიც 3 წელი, 2019-2021 წლებში იყო „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი, ფიქტიურად ასაქმებდა ადამიანებს.

მას პროკურატურა სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის – 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, ხელვაჩაურის მაშინდელი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების ფიქტიურ დასაქმებაში და ყოველთვიურად იღებდა წილს. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ დასაქმებული ჰყავდა თორნიკე ფუტკარაძეც, ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის კახაბერ ფუტკარაძის შვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში