საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კვიპროსიდან სამშობლოში ბრუნდება. 37 წლის მეკარე და ანორთოსისი 2024 წლის ზაფხულამდე გათვალისწინებული კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და როგორც კვიპროსული სპორტული მედია წერს, გიორგი დინამო თბილისს დაუბრუნდება. ლორია ანორთოსისში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია წვრთნიდა. გიორგიმ ფამაგუსტას გუნდთან ერთად 2020/21 წლების სეზონში კვიპროსის თასი მოიგო, 2022/23 წლების სეზონში კი ყველა საკლუბო ტურნირის 26 შეხვედრაში ითამაშა, გაუშვა 30 გოლი, 7 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლორია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 76 მატჩი აქვს ჩატარებული, დინამო თბილისში 9-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. გიორგი ლორიას ასევე უთამაშია სამარის კრილია სოვეტოვში, მახაჭყალის ანჟიში, ასევე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მაგდებურგში.