ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ ო’სალივანს, ჯეიმს ო’ბრაიენსა და კუმარ იერს შეხვდა

27 ივნისი 2023, 14:19 695 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში