დედაენის ბაღში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დაჯილდოვდა თბილისის სამი სკოლა, რომლებმაც ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ფარგლებში ყველაზე მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობები მოიფიქრეს და განახორციელეს.
პირველი ადგილი სკოლა „დეამ“ დაიკავა. მდგრადი ენერგეტიკის დღე ასევე მოიცავს სხვა ღონისძიებებსაც.
დედაენის ბაღში მისულებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და გაეცნონ ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მუშაობას, აგრეთვე მიიღონ ინფორმაცია ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ.