მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით, - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი.
„მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნეს კავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე. მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.
როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.
"მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.
გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები – 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს, ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.
მისივე თქმით, საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება.
"საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.