უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

21 ივნისი 2023, 19:28 941 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლომ შეისწავლა და დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა“.

„2023 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე – პროკურორების საკასაციო საჩივრები. სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა, სათანადოდ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები, არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებდნენ მინიჭებულ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერმედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მიზნით, რის გამოც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ მიადგა 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდას სამოცდასამი ათას ხუთას ცხრა) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამ ქმედების ჩადენისთვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ნიკა გვარამიამ ასევე ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესეიგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნიკა გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სასამართლოს განაჩენით კახა დამენია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზურაბ იაშვილი საქართველოს სსკ-ის 362 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 221 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა“, – ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი