ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც მარტში ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო გაერთიანებული სამეფოსთვის. გასულ წელს, როდესაც აქ შევიკრიბეთ, ეს აწ გარდაცვლილი დედოფლის ბრილიანტის იუბილეს აღსანიშნავად იყო. ის იყო ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ჰყოლია და მისმა გარდაცვალებამ მრავალს დაგვწყვიტა გული როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მის ფარგლებს მიღმა. ეს მომენტი შეგვიმსუბუქა მხარდაჭერამ გაერთიანებული სამეფოს მეგობრებისა და მოკავშირეებისგან მთელი მსოფლიოდან. ჩვენ ეს ძალიან მძაფრად ვიხილეთ საქართველოში, როდესაც მეგობრები და პარტნიორები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან გვეწვივნენ სამძიმრის წიგნში ჩანაწერების გასაკეთებლად და პატივის მისაგებად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით მხარდაჭერა, როდესაც ჩვენი მეგობრები ესტუმრნენ ლონდონს მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის საზეიმო ცერემონიალზე“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ მადლობელია საქართველოსი, რომელიც ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი ორივე მოვლენის დროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა.
მარკ კლეიტონმა აღნიშნა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობებისთვის.
„წელს ჩვენ გვქონდა პატივი, გვემასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილისთვის ლონდონში, ყოველწლიური სტრატეგიული მოლაპარაკებებისთვის, უორდროპის დიალოგისთვის. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი საპასუხო ვიზიტით ეწვია საქართველოს მარტში, რაც 2016 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ქვეყანაში. ეს ვიზიტები მნიშვნელოვანია და სიღრმისეული დიალოგის წარმოების საშუალებას იძლევა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, ეს აისბერგის წვერია, როდესაც საუბარია ჩვენს ურთიერთობაზე საქართველოსთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან კიბერუსაფრთხოებამდე. ამაზე ხვალ დილით ვისაუბრებთ, ბრიტანეთის საბჭოს მუშაობიდან გამომდინარე, რომელიც მხარს უჭერს ინგლისური ენის შესწავლას საქართველოს სკოლებში, ძალიან ბევრი რამ მიმდინარეობს და წინ კიდევ ბევრი იქნება“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ასევე საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება.
„წელს, მოგვიანებით, ბრიტანული შეიარაღებული ძალების უდიდესი კონტინგენტი საქართველოში მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ წვრთნებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებადამცველებთან, ლგბტქ საზოგადოებასთან და სხვა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მედიასთან, რათა აღმოვფხვრათ დეზინფორმაცია და საქართველოს დემოკრატიაში ჩარევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა მარტში, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა.