მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისათვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მინისტრი განმარტავს, თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც იმ კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება, რომელიც ქართველმა ხალხმა საქვეყნოდ გამოაცხადა, „პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას“.
"მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისათვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს გაუჩნდა ვალდებულება იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
კონსტიტუციური დანაწესის შესასრულებლად და დიასპორის თხოვნის გათვალისწინებით, პრემიერის დავალებით, მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა და წარვუდგინეთ საქართველოს პარლამენტს.
ჩვენი ხალხის სწორად ინფორმირების მიზნით, ვფიქრობ აუცილებელია დეზინფორმაციული ველის გასუფთავება, სიმართლის თქმა და აღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას(ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.
წარმოდგენილი ცვლილებით კი წარუმატებლობის შემთხვევაში უფლება ექნება შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.
შედეგი N1: ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მხოლოდ ის ვისაც ეცოდინება ქართული, საქართველოს ისტორიის და ქართული სამართლის საფუძვლები და ამავდროულად პროცესი იქნება მოქალაქეობის მიღების მსურველისთვის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქნილი.
თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე , მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.
შედეგი N2: სახელმწიფო აძლევს მეტ შანსს მოქალაქეობის მსურველებს წარმატების მისაღწევად.
ცვლილება ეხება ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირებსაც. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე.
აღნიშნული ვალდებულება საქართველომ აიღო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე.
შედეგი N3: კიდევ ერთი შესრულებული საერთაშორისო ვალდებულება და უფრო
მეტად დაახლოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ვფიქრობ, დასკვნა ნათელი და მარტივია.
თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც იმ კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება, რომელიც ქართველმა ხალხმა საქვეყნოდ გამოაცხადა, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას. საინტერესო კი ისაა ვისი მტრობაა საქართველოს ინტერესების დაცვა და ვის ემსახურებიან ამ კამპანიის ავტორები? ერთი რამ უტყუარია, რომ არა ქართველ ხალხს, კონკრეტიკა კი დაფიქრების, ფაქტების გაანალიზების და შემდგომი მსჯელობის საკითხია”,- წერს ბრეგაძე.