შრომის ინსპექციამ რესტორან "რეტროს" სამუშაო პროცესი ნაწილობრივ შეუჩერა

05 ივნისი 2023, 17:02 1228 ნახვა

შრომის ინსპექციამ რესტორან "რეტროს" სამუშაო პროცესი დროებით შეუჩერა. ინსპეციამ რესტორანში პირველადი მოკვლევა უკვე დაასრულა.

შრომის ინსპექტორის განმარტებით, სამზარეულოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც რესტორანს სამუშაო პროცესი ნაწილობრივ, დროებით შეუჩერდა.

"შრომის ინსპექციის სამსახურს ჰქონდა მყისიერი რეაგირება გავრცელებულ ვიდეოზე,  მოხდა დაწესებულების შემოწმება როგორც უფლებრივი ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.  შემოწმდება დასაქმებულთა შრომითი უფლებები სრულად, უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება, სხვა დეტალებზე ინსპექცირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დამსაქმებელზეა დამოკიდებული როდის იქნება აღდგენილი სამუშაო პროცესი.

ვიპოვეთ ხარვეზი, ჩვენ ჩავთვალეთ ეს კრიტიკულად. როცა გამოსწორდება ეს ხარვეზები მოგვმართავს დაწესებულება და თვიდან გადავამოწმებთ, შევაფასებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას გაგრძელდეს სამუშაო თუ შეჩერდეს"- განაცხადა შრომის ინსპექტორმა.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პროტესტის ნიშნად, რესტორანი თხუთმეტმა დასაქმებულმა უკვე დატოვა. როგორც ცნობილია, ისინი დღეს აპირებენ საგანგებო ბრიფინგის გამართვასაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი