სასამართლომ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

02 ივნისი 2023, 17:26 3633 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის მამის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გიორგი ბაჟუნაიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 50 ათასს ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ივლისს გაიმართება. 

ბრალდებული ორი დღის წინ მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი მათ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა.

შეგახსენებთ, რომ ლეღვაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა. მათგან ერთი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ორი პირი კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში