საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში შევა ძალაში და იმოქმედებს ხუთი თვის განმავლობაში.
შამუგიას თქმით, ფქვილის იმპორტზე დამატებითი საფასურის დაწესება კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს და თავის მხრივ, ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს პურის გაძვირება.
"დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, შემცირდა ფასები იმპორტირებულ ფქვილზე, რამაც გამოიწვია წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაჩერება, ვინაიდან ისინი არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ამ პროცესს და ფქვილის იმპორტი იყო მზარდი ხორბალთან მიმართებით, თუმცა ხორბლის იმპორტი წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდებოდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, 25-30 ათასი ტონის ფარგლებში და ისინი ახერხებდნენ მუშაობას. შეუფერხებლად ხორციელდებოდა ჩვენი ადგილობრივი მოსავლის დაბინავებაც.
თუმცა, ბოლო სამ თვეში ვხედვათ, რომ ფქვილის იმპორტმა ორჯერ გადააჭარბა ხორბლის იმპორტს, დაახლოებით 20 ათასი ტონა ხორბალია შემოსული, 40 ათასი ტონა ფქვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები გვქონდა როგორც წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, ასევე პურის მრეწველთა კავშირთან და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ფქვილის იმპორტიორებთან. შეხვედრების მიზანი იყო სწორედ ის, რომ ყველა მხარესთან ჩვენ შეგვეჯერებინა ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ერთი მხრივ, უპირობოდ შევინარჩუნებდით პურის ფასს და არ მოხდებოდა მისი ზრდა. ამავე დროს, არსებულ ვითარებაში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებდნენ მიღებული მოსავლის რეალიზაციას.
კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ფქვილის იმპორტზე დაწესდეს დამატებითი საფასური, რაც კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს და ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ ამ პირობებში შეისყიდონ ქართული ხორბალი, იმუშაონ სრული დატვირთვით და პურის მწარმოებლებს ისეთ პირობებში მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან არ გამოიწვიოს პურის გაძვირება. შესაბამისად, უახლოეს დღეებში მთვარობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში შევა ძალაში. ეს იქნება დროებითი ღონისძიება და იმოქმედებს ხუთი თვის განმავლობაში. თუმცა, არ პერიოდში ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას და შესაბამისად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იმ სიტუაციისთვის იქნება მორგებული“, - განაცხადა ოთარ შამუგია.