გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი", გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა - პრეზიდენტი

26 მაისი 2023, 13:03 665 ნახვა

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია, რატომ არ არის მიღებული არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის.

„დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპას გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები-„ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“...

 

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების ხელის გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ, კი მათ, ვინც დღეს ჩვენ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს, ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, გავიხსენოთ „იმედზე“ გასული ომის მოდელირებული ქრონიკა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!..

ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაუგებარია.

მისი სიტყვებით, ერთის მხრივ, კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ევროპა არის ქვეყნის არჩევანი, თუმცა, ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ.

 სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს - „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი