ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დეტალურად შევისწავლით და გადავამოწმებთ სანქციებთან მიმართებაში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

15 მაისი 2023, 11:25 502 ნახვა

საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი