უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, ეს არის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე - შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2023, 17:51 621 ნახვა

ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და ქვეყნის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, დანარჩენზე უკვე შემდეგ უნდა ვისაუბროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის" თავმჯდომარე,დავით არახამიას მიერ საქართველოს ევროინტეგრაციასა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსის სიტყვებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია.

„უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, არის ის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ 5 საქმეზე არსებობს განაჩენი, 6 წელი აქვს მოსახდელი. ჯამში 19 წელი აქვს მისჯილი და რომ იყოს ეს პერიოდი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო საქართველოში, 19 წელივე ექნებოდა მოსახდელი შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით. თუმცა, ამ წესებით ახლა 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი.

 

გია ლორთქიფანიძე კი მთავარი მოქმედი პირია საქართველოში სააკაშვილის უკანონო შემოპარვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და მის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია და ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა.

„არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკო-ს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში