კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა 

08 მაისი 2023, 11:08 570 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში პირველ საერთაშორისო ტურნირს „ბათუმი ოუფენს“ ორი დღის  განმავლობაში მასპინძლობდა.

შეჯიბრება პირველად ჩატარდა, მაგრამ ორგანიზატორთა განცხადებით, ტრადიციული გახდება. ბათუმის ტატამზე 11 ქვეყნის, საუკეთესო მებრძოლები ასპარეზობდნენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები.

ტურნირი 16 და 18 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის გაიმართა. შეჯიბრება უფროსი ასაკის მებრძოლთა გამოსვლით დასრულდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით მსხალაძე, ლაშა ბაბუაძე და დათა ფუტკარაძე, რომელსაც აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში