დღეს ერთმანეთს „დინამო“ ბათუმი და გორის „დილა“ დაუპირისპირდება

05 მაისი 2023, 20:07 589 ნახვა

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა გაიმართება. აჭარაბეთ არენაზე ბათუმის „დინამო“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება. სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება დინამო ბათუმი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია 25 ქულით, გორის დილა მეხუთე ადგილზეა 17 ქულით. შავიზღვისპირელები მეორე ადგილოსან თბილისის დინამოს ორი ქულით უსწრებენ, თბილისელებს ტურის შეხვედრა ხვალ გაგრას წინააღმდეგ აქვთ გასამართი. ბათუმის დინამოს და გორის დილას შორის მატჩი 21 საათზე დაიწყება. დღეს ჩემპიონატის ერთი მატჩი უკვე გაიმართა, ქობულეთის შუქურამ საბურთალოს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. საბურთალო 23-ე წუთზე შეიკნე სილამ დააწინაურა და პირველი ტაიმიც მოიგო, მეორე ტაიმის 58-ე წუთზე საბურთალომ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლი იური ტაბატაძემ გაიტანა. შუქურამ მალევე 69-ე წუთზე ჯერ დავით მუჯირის გოლით სხვაობა შეამცირა და შემდეგ 3 წუთში მიშიკო სარდალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი საბურთალოს ნახევარმცველმა 85-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ გაიტანა. შუქურა სატურნირო ცხრილში ბოლო მე-10 ადგილზეა 6 ქულით, საბურთალო კი მესამეზე 22 ქულით.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში