უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 60-მდე შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციამ, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიური დარტყმა განახორციელა. დამცველებმა 24-დან 18 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ კრამატორსკსა და ზაპოროჟიეში, ჩვენი ჯარების პოზიციებზე და მშვიდობიან დასახლებებს 75 საჰაერო დარტყმა მიაყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გაუხსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.
უწყების ცნობით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს ერთ დღეში 6 დარტყმა მიაყენა.