ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ყველა იმ რუსი და ბელორუსი ძიუდოისტების საქმე შეისწავლეს, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით დააფიქსირა. მათგან რვა ძიუდოისტი წლის მნიშვნელოვან ფორუმზე ვერ იჭიდავებს, მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდაჭერაა. დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური ძიუდოისტების სტატუსით რუსი და ბელორუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება ძიუდოს მესვეურებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. თუმცა, იქვე იყო მინიშნებული, რომ მათ საქმეს დამოუკიდებელი კვლევის ჯგუფის წევრები შეისწავლიდნენ. ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ყატარის დედაქალაქი უმასპინძლებს. დოჰაში, 7-14 მაისს, შეჯიბრების ბოლო დღეს, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე 99 ქვეყნის 670 მონაწილეა რეგისტრირებული. აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.