გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 41 შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება ბახმუტი და მარინკა.
„ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ჩერნიგოვის ოლქი, თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა.
ღამით, საოკუპაციო ძალების სამიზნეში სუმის ოლქი მოექცა. რეგიონში 140-მდე აფეთქება დაფიქსირდა.
რუსულმა არმიამ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებს.
" ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე"-აცხადებენ გენშტაბში.