რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაიღუპა 4 ადამიანი, 17 კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
ამასთან, ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, წუხელ, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქიც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 მოქალაქე.
თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ლუგანსკის ოლქის და ყირიმის გარდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჯამში მოწინააღმდეგის 65 თავდასხმა მოიგერიეს.