საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად ხორციელდება

14 აპრილი 2023, 20:15 742 ნახვა

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად ხორციელდება. 19:00 საათიდან კი, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მოძრაობს.

ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.

ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; იდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონაკვეთზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი