შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილების ჩატარებას აგრძელებენ. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესებს აცნობენ და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრებიან. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილი აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს პატრულ -ინსპექტორი მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.