მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს - პრემიერი

10 აპრილი 2023, 13:49 707 ნახვა

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე.

„მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ მე მქონდა შეხვედრა ნინო ქადაგიძესთან, მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგ. როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან.

 

რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება, ყოველგვარი ჩარევებისგან, ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში ვისწრაფვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მოისმინა ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი და კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. ინფორმაციები მივიღე, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, საბჭოს წევრი სხვა მოსამართლეებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა და ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ მოვა დრო ამას საზოგადოება გაიგებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სიმართლე გაირკვევა. მისივე განცხადებით, ექნებათ საუბარი პარტნიორებთან, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

"გეტყვით, რომ არა თუ მე, არამედ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებას...

ჩვენთვის დიდი კითხვის ნიშნებს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხარო და გაუგებარია. ამის თაობაზე ალბათ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის წერილს, რომლითაც მან თავის კოლეგას მიმართა. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება. მე ამის მჯერა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი