ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება

05 აპრილი 2023, 12:00 573 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საქართველოს მიერ ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რეფორმების პროცესი შეჩერებულია. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, რომლებიც 27-29 მარტს საქართველოში იმყოფებოდნენ, პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

მომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ ევროპის საბჭოში გაწევრების შემდეგ საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ ეტაპზე კი, კერნი და ესტრელა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმები შეჩერდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა განცხადებით, საქართველო გზაგასაყარზეა. ისინი ქვეყნის ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდით გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის რეალიზაციისთვის, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ადასტურებენ, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელება. მომხსენებლების შეფასებით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის საბჭოს კონტროლთან დაკავშირებული შეკითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შესაძლოა, კანონი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისგან, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს.

მომხსენებლების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე სისტემური მიდგომის სასარგებლოდ, რომელსაც აშკარად უპირატესობას ანიჭებს ვენეციის კომისიაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების განცხადებებს საქართველოში გამოეხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი