ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.
"მთელი ისრაელი გიყურებთ. მთელი ებრაელი ხალხი გიყურებთ. მთელი მსოფლიო გიყურებთ. ისრაელის ხალხთან ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკისრებულია, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობის და პასუხისმგებლობის მომენტი“, - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, თავად სასამართლო კი დაკარგავს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებას. კანონპროექტი პარლამენტმა კენჭისყრაზე მომავალ კვირაში უნდა გაიტანოს.