''საქართველოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი'' - გიორგი კვირიკაშვილი

09 თებერვალი 2017, 00:00 2078 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა.

 "მინდა, წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება დიდი ფუნქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.


გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში არსებობდეს წარმატებული და თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებელი.


„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. ასევე გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. გვაქვს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს,“ ნათქვამია განცხადებაში რომელიც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი