პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდში საკადრო გადაადგილებების შესახებ თავად ისაუბრებენ გუნდის კონკრეტული წევრები ან ის უწყება გააკეთებს განცხადებას, სადაც გუნდის ამა თუ იმ წევრმა შესაძლოა, გადაინაცვლოს.
„მედია პირველი შეიტყობთ ამასთან დაკავშირებით თავად იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებშიც შეიძლება, ჩვენი გუნდის წევრები გუნდის შიგნით გადანაცვლდნენ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გექნებათ დროული ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი კოვზანაძის მიერ მანდატის დატოვება უკავშირდებოდა მის სურვილს, დაბრუნებოდა საკუთარ პროფესიას.
„რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს, ეს არ უკავშირდება ამ საკითხს ზოგადად. მას დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც, იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი განმაპირობებბელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას და სწორედ ეს სურვილი იყო განმაპირობებელი. კიდევ ერთხელ – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება ეს გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გიორგი ამილახვარის დანიშვნასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება.
„პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებს. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. როგორც ჩვენს გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური, არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, პარლამენტში ამ მხრივ განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.