საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი - პეტრას აუსტრევიჩიუსი

15 მარტი 2023, 10:21 541 ნახვა

საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

"ჩემი გამოსვლა მინდა, დავიწყო ქართველი ხალხისადმი მილოცვით, რომელთაც აქტიური პოზიციით შეაჩერეს მთავრობის მცდელობა, მიეღოთ რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩვენს სოლიდარობას და დაფასებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ქართველი ხალხის ევროპული ნების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი.

 

ევროპა არ გაუღებს კარს პოლიტიკური რევანშიზმის არცერთ ფორმას. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროკავშირის დროშები დღეს თბილისში იწვოდა. ეს არის სევდიანი დღე საქართველოს ყველა მეგობრისთვის ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე, რომელთაც ახსოვთ ტოტალიტარიზმის საშინელება, გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ მიესალმება მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის შესახებ კანონს. ასევე განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას“.

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის რეგიონში. მე მივესალმები მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის კანონს. ასევე, მინდა, ვახსენო, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დატოვება ციხეში, როგორც პუტინის მძევლისა, ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას. იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას, ისევე როგორც ხალხის პროტესტს თბილისში და სხვაგან“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი