პარლამენტთან,  ამ დროისთვის სიმშვიდეა - მორიგი აქცია 15:00 საათზეა ჩანიშნული

08 მარტი 2023, 10:08 535 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩებიან მხოლოდ სამართალდამცველები.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა ღამის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა. ყველა მათგანს წინ უძღოდა სპეციალური გაფრთხილება.

დაპირისპირების შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი. დაკავებულია ათობით პირი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქციაა ჩანიშნული. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი