აჟიოტაჟი არის გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - რატი ბრეგაძე

07 მარტი 2023, 13:00 434 ნახვა

მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც ამ კანონპროექტის გარშემოა, არის გამომდინარე სწორედ იქიდან, რომ ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს პოზიცია კანონპროექტთან მიმართებაში, შეუძლია ეს თავისუფლად დააფიქსიროს.

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაციის. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პოლიტიკური და სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღლაა აწეული პოლიტიკური ტემპერატურა და სასურველია, დაცხრეს. მთელი ეს სიტუაცია, რომ არგუმენტები, როგორც ამ კანონპროექტის მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და მიიღოს ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა. იმისთვის, რომ თქვენც გაიგოთ და სხვამაც, რაზეა საუბარი, ადამიანმა გაიგოს, მიემხრობა ამ ყველაფერს თუ არა, პირველ რიგში, საჭიროა მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და აღნიშნული პროექტის გარშემო საქმიანი დიალოგი.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. როდესაც განვიხილავთ კანონპროექტს, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, ეწინააღდეგება თუ არა ეს ან ნებისმიერი სხვა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას, არის თუ არა თანხმობაში ევროკავშირის დირექტივებთან, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და რამდენად არის შესაბამისობაში მთლიანად საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. იმისთვის, რომ ვისაუბროთ კანონპროექტზე, ის შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, თუ ევროკავშირის დირექტივებთან, ამისთვის უნდა მოხდეს სრულყოფილი ანალიზი. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, მაშინ, როდესაც არის დიდი აჟიოტაჟი, ხმაური, სერიოზულ საკითხებზე საგნობრივი მსჯელობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელიც რეგიონშიც და მრავალ სხვა სახელმწიფოსთან შედარებითაც არის ლიდერი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში