26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებლის მიმართვა პარლამენტს

06 მარტი 2023, 11:41 577 ნახვა

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ - ამ ტექსტით მიმართა საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტისთვის მხარდაჭერაზე. განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ბათუმის  სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. 

ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცათ. განცხადებაში,  ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი ახლა პარლამენტში განიხილავენ, არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. 

„საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას,  გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება,  ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არცერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.  რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში