შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები. ასევე შედგა შეთანხმება, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება წარმოდგენილი კანონპროექტი და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ კანონში არსებულ გამოწვევებთან"- განმარტავენ შსს-ში.