"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებს ეხმაურება.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით.
საია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება და, ასევე, ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.
დაკავებულებს მისცეს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, დროულად შეხვდნენ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს და დაკავების შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
შეისწავლოს მედია წარმომადგენლების / დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრების / გამოხატვის თავისუფლებაში არაპორპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წლებია ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და გამოხატვის უფლებით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.