ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური, რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან, მათ მხარეს საზოგადოების მხარდაჭერა ვერ იქნება - კობახიძე დაანონსებულ აქციებზე

27 თებერვალი 2023, 13:24 592 ნახვა

ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როდესაც არ უნდა შექმნან, ბუნებრივია, ეს წარმატებული ვერ იქნება-ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ პერმანენტულ აქციებს.

"ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ მხარეს ვერ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა, იმდენად დისკრედიტირებულია ეს ხალხი. საზოგადოებამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მათ არასოდეს გაჰყვება, როგორი ფანჩატურებიც არ უნდა შექმნან“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის.

„პრაქტიკულად ბანკროტია ეს ადამიანი და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც იყო „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს, ახლა როგორი პოლიტიკური ამბიცია უნდა დაგრჩეს?! საინტერესო არაა პრინციპში ეს ყველაფერი“, - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, „რიანოვოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება დასავლეთს, ასევე, მედვედევი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

კობახიძის თქმით,  „ნაცმოძრაობის“ მისამართით უნდა დაისვას კითხვა, რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

„ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რეანოვოსტის“ სტატიებს. ეს ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი