ყოვლად გაუმართლებელია ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას - ირაკლი ღარიბაშვილი

24 თებერვალი 2023, 14:52 674 ნახვა

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა.

"მინდა აღვნიშნო, რომ დღეს 24 თებერვალს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დამანგრეველი ომი დაიწყო. ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თაანასპონსორი გაერო-ს რეზოლუციის, ასევე ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი.

 

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან. ბუნებრივია, ასევე მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და ვაკეთოთ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო საქმეები ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც  სტაბილურობისა და განვითარების წინაპირობაა.

„აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება იყო და არის რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მათი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ქმედება. მათი ამოცანა და მათი ქმედება საუბედუროდ არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების გატარება, მაგრამ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობის და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე, განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემებს. ერთ-ერთი ასეთი მთავარი განსაცდელი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება. მოდით, ერთხელ კიდევ გავიხსენოთ, რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში.

უკრაინამ დღეის მდგომარეობით, დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანია გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარი არის 700-800 მილიარდზე. ზოგი ამბობს, რომ ზარალმა ყველაფრის ჩათვლით შეადგინა ერთი ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, და ჩვენი ქვეყნის დაცვა. ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენთვის ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა, ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ბევრი მცდელობა იყო, რომ ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოშიც, ეს ე.წ. მეორე ფრონტი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ომი, მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი