ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა დიზელის საწვავის 29 სინჯში - ზედამხედველობის დეპარტამენტი

21 თებერვალი 2023, 10:26 454 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედეველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

უწყებაში განმარტავენ, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში