ისევ განხილვისა და კრიტიკის საგანია ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. გურამ მაჭარაშვილი კვლავ ირწმუნება, რომ დოკუმენტი ამერუკულის ანალოგია, უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის კი მზადაა ამერიკული კანონი თარგმნონ ერთი-ერთში. ამით კი მისი აზრით, დასრულდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ კანონი პრორუსულია. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამერიკული პროექტის კოპირებით, „უფრო გართულდება და დამძიმდება პროცესი“, ვიდრე მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით. „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.