საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 500 ლარს შეადგენს ან ექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.