თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მთელი მსოფლიოდან მაშველთა ჯგუფები და ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. მექსიკის სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, საზღვაო ძალების, არმიისა და წითელი ჯვრის 140-ზე მეტი წარმომადგენელი გაემგზავრა სტიქიის რეგიონში სანტა ლუსიას სამხედრო ავიაბაზიდან.
მექსიკა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარებას და სპეციალურად გაწვრთნილ მაშველ ძაღლებს აგზავნის. ინდოეთმა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად სპეციალური აღჭურვილობაც გაგზავნა.
ინდოეთის კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების ორი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 100 მაშველისგან შედგება, ქალაქ ღაზიაბადიდან დღეს დილით ადრე კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაემგზავრა. მაშველთა საერთაშორისო გუნდი სამხრეთ თურქეთში, ადანას აეროპორტში უკვე ჩაფრინდა.
მაშველებმა სერბეთიდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან სასწრაფო დახმარების აღჭურვილობა ჩაიტანეს და მაშველი ძაღლებიც ჩაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში გასაგზავნად გუშინვე მოამზადეს.
რუსეთმა სირიასა და თურქეთში ოთხი თვითმფრინავი გაგზავნა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, შვიდი მაშველი ძაღლი და ასზე მეტი პროფესიონალი მაშველი იგზავნება მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. გუნდები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.