მოსახლეობას თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს სურსათის შეძენა, 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი გამოსავლის გზებით - პრემიერი

06 თებერვალი 2023, 14:47 694 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა დაავალა და პირველადი მოკვლევის შედეგები შემაშფოთებელია.

მისივე განმარტებით, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას საერთო ჯამში თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს სურსათის პროდუქტების შეძენა.

„რაც შეეხება სხვა პრობლემას, მე ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეული განმარტება გავაკეთო. რამდენიმე კვირის წინ, კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები, რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე. მაგალითად ვიტყვი, ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, თუ ზეთი, საბითუმო ფასებზე (ვგულისხმობ საბითუმოს, გასაყიდ ფასს არ ვამბობ) დამატებული არის 70, 60, 50, 80 პროცენტი არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, სულ მცირე 25-30 პროცენტი. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს თითქმის ასპროცენტიანი  ფასნამატით უწევს ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ჩვენი მხრივ, მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს, ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ამიტომ მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალო, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელო, გვახსოვს, ამხელა მოგებით ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგი სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60, 70, 80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი. ჯამში მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა 200 მილიონო ლარის ეკონომია გააკეთა. ანუ, საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შეამცირა 200 მილიონი ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ დიდ პოტენციალს, ვხედავ, რომ აქ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამიტომ საჭირო არის მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი. გონივრული პროცენტების და მარჟების ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული, ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი