თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს

31 იანვარი 2023, 12:16 637 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.

მათვე ცნობით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): ორწლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი.

სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.

რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ საიტზე – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში"- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი